Thursday, September 27, 2012

Random პატრიოტი

გამარჯობა, მე Random პატრიოტი ვარ, მე გული შემტკივა სამშობლოს ბედზე, მე ყოველთვის ვიბრძვოდი და ვიბრძვი ჩემი შვილების და ჩემი დედა სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. მე ხომ იმ ერის შვილი ვარ ვინამც შვა ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, რუსთაველი, აღმაშენებელი, გორგასალი, დემეტრე თავდადებული და ასობით წმინდანი და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, განა რა უფლება მაქვს მე მართლმორწმუნე ადამიანს , მართლმადიდებელი ერის შვილს, ასეთი წინაპრების შთამომავალს , ჩემი ერისა და ქვეყნის სადარაჯოზე არ ვიდგე მარადჟამს.მე ვიდექი 9 აპრილს ჩემ ხალხთან, იმ ხალხთან რომელიც იყო ერთ-ერთი პირველთაგანი იმ ერთა შორის რომლეიბმაც საბჭოთა დიქტატურას თავი  დააღწია, თუმცა შეცდომაც არა ერთხელ დამიშვია, მე ხომ მათ ვემხრობოდი ვინც გამსახურდია მოკლა, მე ხომ ყოფილ ცეკას მდივან ედუარდ შევარდნაძეს დავუჩოქე და გავაპრეზიდენტე, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქოს შეცდომა გვაპატია ისტორიამ და გამონდა ახალი ძალა რომელიც ტირანიისტან, სიღატაკისგან, ბოროტებისგან ხსნას გვპირდებოდა, ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც ,,როგორ?! ეს ხალხი ხომ შევარდნაძის მთავრობის წევრები არიან, ერთი იუსტიციის მინისტრი იყო ახლახანს, მეორე პარლამენტის თავჯდომარე, ეს ახალგაზრაც მეცნობა, მოიცა რა გვარია? ბოკერია მგონი ჰო ბოკერია, კი მაგრამ ეს გუშინ არ ვცემეთ იაღოველებთან ერთად მე და მამა ბასილის მრევლმა, კი მაგრამ ესენი კარგს რას მოგვიტანენ თქო"
მაგრამ მერე გვიანი იყო დაიწყო აქციები და მე ჩემი ერის გვერდით დავდექი, წვიმაში ქარში ვისმინე დაპირებები, აღვივსე იმედით რწმენით და მოხდა რევოლუცია! მოვიდა ახალი მთავრობა თითქოს  გვეშველაო, და მალე ისევ პოლიციური სახელმწიფო, ნაცემი ხალხი და ღატაკი ერი შეგვრჩა ხელში. მერე შედეგიც გამოიღო ამ პოლიტიკამ და მოხდა ომი, დახოცეს ხალხი, წაიღეს ტერიტორიები და ამ გარიგებულ, წინასწარდაგეგმილ ომს რაღას ვუშველიდით (თუმცა მაშინ რა ვიცოდი რა ხდებოდა სინამდვილეში) მეგობრებთან ერთად წავედი სვეტიცხოველში სანთელი შევწირე და გარდაცვლილთა სულები მოვიხსენიე, შემდეგ იქვე მცხეთის რესტორანში შესანდობარიც დავლიეთ ბიჭებმა და სახლში რო მოვდიოდით გავიგეთ ომი მოგვიგიაო და თავისუფლების მოედანზე კონცერტს შევუერთდით, ახლაღა ვხვდები რომ მწარედ მოგვატყუეს. მაგრამ ეს ხომ არ იყო დასასრული, ყველა ზღაპარს ხომ ბედნიერი დასასრული აქვს, განა უფალი მარიამის წილხვედრს ქვეყანას ასე გაწირავდა? არამც და არამც! ახლა დადგა დრო, ახლა არის ის დრო როცა ჩვენ ყველესა ერთად უნდა ვიდგეთ! გამოდით ხალხო დაავდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, ამჯერად მაინც ვერავი გაგვაცურებს! ჩვენ შეძრულნი ვართ ამ ძალადობის კადრებით,  (აქამდეც ვიცოდით მაგრამ ახლა დავრწმუნდით) ეს ნიშანია! მთავარი ხსნა კი 11 თვის წინ გამოჩნდა ძალა რომელიც დაგვიბრუნებს იმედს და ერთიანობას, ერთი გაფიქრება ამათზეც გავიფიქრე "როგორ?! ამათ ხომ ის ძველი ხალხი ყავთ შევარდნაძის დროს რომ ბუინობდნენ ან ეს ის მილიარდელი არაა 8 წელი მიშას მთავრობას რომ აფინანსებდა და ხელისუფლებაში მოიყვანათქო?" მაგრამ ამჯერად მაინც აღარ შევცდებით! ერთად დავდგეთ! (ერთიანობა კი Facebookze შავი პროფილის სურათებით და ლოცვითაც კი დავუმტკიცეთ  რომელიც მე პირადად პირნათლად გავუგზავნე 33 ადამიანს რათა ჯაჭვი არ გამწყდარიყო) როგორ მომწონს რომ სტუდენტები ასე აქტიურად გამოხატავენ პროტესტს!(მეც ვიდექი აქციაზე რა თქმა უნდა) მართალია სულ 2 დღეს გაგრძელდა ეს ემოციები და ხვალ და ზეგ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს ეს კადრები ყველას დაავიწყდეს და შავი პროფილის სურათებიც კი შეცვალონ რამე ლამაზი სურათებით მაგრამ ამბობენ ახლა აქციის დრო არ არისო და არჩევნებს ველით ყველა, გამოდით ხალხო არჩევნებზე და დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს რომ მეტის ღირსნი ვართ (კარგი გაგებით) თუ გააყალბეს, აქციებს დავიწყებთ და ისე შევცვლით ამ ტირანიას! ჩვენ Random პატრიოტებს რა დავიდგება წინ, ამდენჭირნახულ ერს! ჩვენ ხომ დაუდგრომელი ერი ვართ!

No comments:

Post a Comment